სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ, "მთავარ აქცენტებში" გასაჯაროებულ დოკუმენტებზე პირველ კომენტარს აკეთებს. უწყება ფარულ ჩანაწერებზე გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს.
უწყება ამბობს, რომ "აღნიშნული დეზინფორმაცია" სუს-ის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.
გთავაზობთ განცხადებას სრულად:
გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თითქოსდა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ.
აღნიშნული დეზინფორმაცია ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უნდობლობის გაღვივებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
საინფორმაციო ომის ფარგლებში, კონკრეტული მედიასაშუალება მიმართავს ყველა ხერხს იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს და საზოგადოება მეტად პოლარიზებული გახადოს.
სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ცალკეული წარმომადგენლები, ნებსით თუ უნებლიედ, ხდებიან ამ პროვოკაციული და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კონსტიტუციისა და სამართლის ნორმების სრული დაცვით, ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების შემთხვევაში, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებას და სამართლებრივი გზით მოიპოვოს ინფორმაცია.
სახელმწიფო უწყებების მადისკრედიტირებელი, დეზინფორმაციული კამპანია წარმოადგენს ანტისახელმწიფოერბრივ ქმედებას და მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში შედის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედება ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას და მოქალაქეების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
ცნობისთვის, პირველ აგვისტოს გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიამ წაიკითხა სუს-იდან მოპოვებული ოპერატიული კრებსი, სადაც საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე. ყველა ეს ინფორმაცია 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდსა და მიმდინარე წელს ასახავს.
გავრცელებულ კრებსების შინაარსი დაადასტურეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის გიორგი მშვენიერაძემ და გურო იმნაძემ. გარდა ამისა, ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს "რადიო თავისუფლებისა" და "ფორმულას" ჟურნალისტებმა.