"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუფერხებელი წვდომა საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში" -
აგვისტოს ომის 13 წლის თავზე, ევროპარლამენტარები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და რუსეთს კვლავ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების დასრულებისკენ მოუწოდებენ.
"სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს არ შეუძლიათ, განახორციელონ თავიანთი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები როგორც საქართველოს მოქალაქეებს და არ შეუძლიათ, ისარგებლონ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გაძლიერებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით, რადგან ისინი კვლავ განიცდიან რუსული ოკუპაციით შექმნილ უბედურებას. მათი ტანჯვა კიდევ უფრო გამწვავებულია „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც ქვეყანას, რომელიც ახორციელებს დე ფაქტო კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე (როგორც ეს ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის საქმეში), მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუფერხებელი წვდომა ორივე ოკუპირებულ რეგიონში, უარი თქვას აქტიური „ბორდერიზაციის“ პროცესზე, დაასრულოს ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევები – განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ჩადენილია ეთნიკური ნიშნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ასეთი დარღვევები დაისჯება მართლმსაჯულების წინაშე და ნება დართოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას წინაპრების მიწაზე“,- ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ წერილში.
ცნობისთვის, ერთობლივ წერილს ხელს აწერენ: საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი სვენ მიქსერი.
იხილეთ ასევე:
სლოვენია ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას-საგარეო