"პოლიტიკურ შეფასებებს არ ვაკეთებ" - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე კითხვას პრემიერმინისტრის მიერ ხალხმრავალ სუფრაზე ქეიფთან დაკავშირებით.
"ამასთან დაკავშირებით ბატონმა პრემიერმინისტრმა თვითონ გააკეთა განცხადება, მე პოლიტიკურ შეფასებებს არ ვაკეთებ" - თქვა ამირან გამყრელიძემ.
ამავე კითხვაზე ღარიბაშვილის კრიტიკას დღეს თავი აარიდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამაც:
"ამასთან დაკავშირებით პრემიერმა თავად გააკეთა კომენტარი, მე ჩემ სუბიექტურ აზრს აქ ნამდვილად არ გავაჟღერებ, პასუხი ცნობილია", - თქვა მან.
შემდეგ კი განმარტა, რომ ხალხმრავალი ღონისძიებები სარისკოა, რაც ყველამ იცის და ეს სამინისტროს არაერთხელ გაუჟღერებია.
"თუმცა არსებობს გარკვეული გარემოებები იმისთვის, რომ წესების დაცვით რაღაც მსგავსი... თუმცა ხალხმრავლობა არცერთ შემთხვევაში ჩვენთვის მისაღები არ არის", - თქვა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, 7 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის საპატივსაცემო სუფრაზე იყო, სადაც, როგორც კადრებში ჩანდა, კოვიდრეგულაციები დაცული არ ყოფილა. მოგვიანებით ამ თემაზე განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გაავრცელა და მთავრობის წევრებს შეახსენა, რომ რეკომენდაციები, მხოლოდ რეკომენდაციებისთვის არაა.
ამავე თემაზე:
ფოტო: პუბლიკა.