თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, პაატა გულიაშვილი ამბობს, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, თეატრში დაგეგმილ ღონისძიებაზე მონაწილე პირებს, თელავში ჩასვლასა და ღონისძიების დასწრებაზე უარს ვერ ეტყვიან.
პაატა გულიაშვილის თქმით, ჯერჯერობით არ გამოცხადებულა, რომ კულტურული ღონისძიებები გადაიდოს, ამიტომ თელავის თეატრი ღონისძიების გაუქმებას არ აპირებს.
"ჯერჯერობით არავის გამოუცხადებია, რომ კულტურული ღონისძიებები გადადეთ. რაც შეეხება ღონისძიებას, ეს გუშინ გამოცხადდა, თორემ ჩვენც ჩანიშნული სპექტაკლები გვქონდა. ახლა რთულია, ბატონი ნუგზარ ჩამოდის ჩვენთვის საპატივსაცემო ადამიანებთან ერთად, ბატონი თემურის საღამოა და ახლა ვუთხრათ არ ჩამოხვიდეთ, კონკურსია და ხელოვანები ორ კაპიკს შოულობენ ხო ამით, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ",- თქვა პაატა გულიაშვილმა.
მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, თელავის თეატრში თემურ წიკლაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, დღეს, 10 აგვისტოს, 17:00 საათზე გაიმართება. კულტურის სამინისტროს ღონისძიებას 300-მდე ადამიანი დაესწრება.
დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი კი დამატებით 5 697 ადამიანს დაუდასტურდა.
ავტორი: ია გულიაშვილი.