პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წალკაში მერობის კანდიდატის წარდგენის დროსაც წინა ხელისუფლების კრიტიკითაა დაკავებული. 10 წუთიან სიტყვაში ღარიბაშვილმა თითქმის 4 წუთი "ნაციონალური მოძრაობის" ლანძღვას დაუთმო.
სამაგიეროდ, ღარიბაშვილი თავს იწონებს, რომ მთავრობა კორონავირუსს კარგად უმკლავდება და ქვეყანაში "ფაიზერის" შემოტანას პირად წარმატებად მიიჩნევს.
"მე მქონდა ნაცნობობა ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერმინისტრობის დროს, ჯანმოს გენერალურ დირექტორთან, რომელიც იმ დროს იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მასთან მქონდა პირდაპირი კომუნიკაცია, მისი დახმარებით, შუამავლობით, მე დავუკავშირდი "ფაიზერის" პრეზიდენტს, დავაჩქარეთ მაქსიმალურად პროცესი და დღეს მივიღეთ მილიონზე მეტი ფაიზერი საქართველოში", - თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერს არც ჩინური ვაქცინები გამორჩენია და თქვა, რომ ამ ვაქცინების შემოტანაც მისი პირადი ინიციატივა იყო.
"ჩინეთის პრემიერთან მქონდა მე კომუნიკაცია, შედაგად მივაღწიეთ იმას, რომ მილიონ ნახევარი ჩინური ვაქცინა დღეს არის საქართველოში. ანუ საუკეთესო ვაქცინების მობილიზება შევძელით უმოკლეს დროში, თუმცა ვუყურებ რა ამ ოპოზიციურ არხებს, თავი მოგეჩვენებათ რაღაც მსოფლიოს ბოლო დღეებში, აპოკალიფსია პირდაპირ", - თქვა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ფაიზერის" ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოს აშშ-მ აჩუქა.