სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, "სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის" თანამშრომლების გამოკითხვა გუშინ 5-საათს გაგრძელდა. ისინი უწყებაში სახელმწიფოს საიდუმლოების დარღვევის შესაძლო ფაქტზე დაწყებული გამოძიების გამო დაიბარეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები მათ მიმართ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე ამბობს, რომ ორგანიზაციის ახლანდელი წევრები "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები იყვნენ და შიდა სამზარეულოზე ყველაფერი იციან. ყუფარაძის თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოძიება მმართველი გუნდის ლიდერების ინიციატივით დაიწყო.
ვართ ქართული ოცნებიდან წამოსულები. შიდა სამზარეულო ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ მუშაობას დავიწყებდით, რომ არჩევნებისთვის შეგვეგროვებინა დამკვირვებლების დიდი გუნდი. საარჩევნო ამბებს რაც შეეხება, რა არის დაწყებული, სად ვისი მოსყიდვა იყო შემჩნეული, მაგაზე ყველაფერზე გვინდოდა გადართვა და ამ დროს ეგეთი რაღაც მოხდა და სხვას რას დავუკავშირებთ. ეს არის უფრო ზემოდან, სავარაუდოდ, კობახიძეებიდან და მდინარაძეებიდან წამოსული ამბავი,- თქვა გიორგი ყუფარაძემ.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, თუმცა ოფიციალური განცხადების გარდა, უწყება დეტალებზე არ საუბრობს. უცნობია რა იგულისხმება "სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებაში". საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს.