ყველაფერი, რაც AstraZeneca-ს ვაქცინის შესახებ უნდა ვიცოდეთ

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის მიერ წარმოებული Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში, თავდაპირველად, 2021 წლის 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინაცია კი მეორე დღესვე დაიწყო. თავიდან, ამ ვაქცინით 55 წელს ზემოთ პირები, დღეისათვის კი უკვე 45 წელს გადაცილებულები იცრებიან. 

"მთავარი არხის" ვებგვერდმა AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით, უცხოურ მედიაში გავრცელებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიძია.

რამდენჯერ უნდა გავიკეთოთ ვაქცინა

AstraZeneca-ს ვაქცინა, ისვეე როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების უმეტესობა ორჯერ კეთდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აცრის შემდეგ, ორგანიზმს იმუნიტეტის გამოსამუშავებლად გარკვეული დრო სჭირდება. 

ვაქცინა კი ორი დოზა, 4-12 კვირის შუალედში კეთდება. 

როგორ მოქმედებს AstraZeneca-ს ვაქცინა

AstraZeneca-ს ვაქცინა შიმპანზეების გაციების ვირუსის შესუსტებული ვერსიისგანაა დამზადებული, რომელიც ადენოვირუსის სახელითაა ცნობილი. აცრის შემდეგ, იმუნურ სისტემას ასწავლის, საჭიროების შემთხვევაში, როგორ გაუმკლავდეს რეალურ ვირუსს.

ვაქცინა სპეციფიკური ორგანიზმის, ანტიგენის დასუსტებულ ან არააქტიურ ნაწილებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმში იმუნურ რეაქციას იწვევენ. ახალი ვაქცინები კი უფრო მეტად ანტიგენის წარმოების გეგმას შეიცავენ, ვიდრე თავად ანტიგენს. ორგანიზმი დაავადების გამომწვევის წინააღმდეგ ბრძოლის უნარს იძენს, ქმნის პათოგენის მეხსიერებას იმისთვის, რომ მას მომავალში სწრაფად ებრძოლოს.

გვერდითი მოვლენები 

როგორც სხვა ყველა ვაქცინასა თუ მედიკამენტს, გვერდითი მოვლენები ახასიათებს AstraZeneca-ს ვაქცინასაც. აცრილი ადამიანების ნაწილს აღენიშნება ცხელება/ციება, თავისა და ნანემსრის, კუნთების, ასევე სახსრების ტკივილი, დაღლილობის განცდა, სიცხე და გულისრევა. ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, 1 დღის განმავლობაში ქრება. 

ასევე, ვაქცინაციის ერთ-ერთი გვერდითი მოვლენაა ალერგიული რეაქცია და ანაფილაქსიური შოკი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისი განვითარების ალბათობა მინიმალურია. 

AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობა

22 მარტს, კომპანიამ პრესრელიზში განაცხადა, რომ ორ დოზიანი ვაქცინა ადამიანის ვირუსის წინააღმდეგ 79%-ით იცავს. კვლევა კი 32 449 ზრდასრულზე იყო ჩატარებული. არც ერთი ვაქცინირებული არ დაღუპულა და არც ერთს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა 60% რისკ ჯგუფი იყო და მწვავე დაავადებები ჰქონდათ გადატანილი.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ევროპის 20 ქვეყანაში ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს სავარაუდო სისხლის შედედების გამოწვევის გამო, ვაქცინის მიმართ ბევრი კითხვა გაჩნდა. რადგანაც რთულია იმის განსაზღვრა, რამდენად იყო AstraZeneca სისხლის შედედების გამომწვევი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მას კვლავ რეკომენდაციას უწევს, რადგანაც ვაქცინის ბენეფიტები რისკებს ბევრად გადაწონის.

ვაქცინაცია, ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსიური შოკი

უცხო სხეულებს ადამიანის ორგანიზმი რამდენიმე მექანიზმის დახმარებით ებრძვის, მათ შორისაა დამცავი ცილები და ანტისხეულები, ტოქსინების გამოყოფა, რომლებიც მიკრობებს კლავენ და ინფექციებთან საბრძოლველად დამცავი უჯრედების ფორმირებას უწყობენ ხელს. 

სერიოზულმა ალერგიულმა რეაქციამ, იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა მწვავე ანთება და ქსოვილის შეშუპება, იგივე ანაფილაქსია გამოიწვიოს. ასეთი რეაქცია სხვადასხვა ნივთიერებებზე აშშ-ის მოსახლეობის 5%-ს ჰქონდა. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეაქციის გამოწვევა საკვებსა და მწერის ნაკბენსაც შეუძლია, თუმცა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში წამლისგან გამოწვეული რეაქციები ანაფილაქსიით გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

ანაფილაქსიის სწრაფად დაძლევა ანტიჰისტამინური საშუალებებითა და ადრენალინის ნემსებითაა შესაძლებელი, რაც იმუნურ რეაქციებს ანელებს ან აჩერებს. ასევე, ეს მედიკამენტები არ ამცირებს ვაქცინების ეფექტიანობას.

ვაქცინირებულ ადამიანებს ექიმები აშშ-ში 15 წუთის განმავლობაში აკვირდებიან. თუ პაციენტს ალერგიული რეაქციის მძიმე ისტორია აქვს, მას 30 წუთის განმავლობაში აკონტროლებენ. CDC-ს რეკომენდაციით, თუ ადამიანს ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდა, მეორე აცრისგან თავი უნდა შეიკავოს.

რატომ გვჭირდება ვაქცინაცია

ვაქცინის შექმნა და იმუნიზაციის კამპანიები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის გადარჩენის მიმართულებით, კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. ვაქცინების მეშვეობით ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება. მათი მნიშვნელობა ერთიორად გაიზარდა კოვიდპანდემიის ფონზე - პანდემიის დაძლევის ერთადერთ გზად, სწორედ ვაქცინა განიხილება. 

#აიცერით!

იხილეთ ასევე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი