პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ლატვიას 50 ათასი დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინის ჩუქებაზე უარი უთხრა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, უარის მიზეზი ის იყო, რომ "ასტრაზენეკა" მოსახლეობაში "ნაკლებად მოთხოვნადია".
"რატომ არის ეს საინტერესო და პრობლემური? ჩვენ მოვახერხეთ და შემოვიტანეთ ამ მომენტისთვის საკმარისზე მეტი ვაქცინები, ყველანაირი ვაქცინა გვაქვს. "ფაიზერი" დღეის მდგომარეობით კიდევ მილიონი გვაქვს, "სინოვაკი", რომელიც ასევე იდენტურია "სინოფარმის", კიდევ დამატებით მილიონი "სინოფარმი" გვაქვს შეკვეთილი და ვმუშაობთ 2 მილიონ "ფაიზერზე". "ასტრაზენეკა" ასევე შემოვიტანეთ, მაგრამ როგორც მეუბნებიან ეპიდემიოლოგები, ნაკლებად მოთხოვნადი და პრიორიტეტული იყო მოსახლეობის მხრიდან. ქვეყანაში რომ არ იყოს ვაქცინები და მაგ დროს გვეთქვა უარი, ეს იქნებოდა პირდაპირ დანაშაული, მაგრამ როცა 3 მილიონი ვაქცინა გვაქვს, ჩვენი არჩევანია, მოსახლეობას რაც უნდა, ის ვაქცინები უნდა შემოვიტანოთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ ლატვიისთვის ვაქცინების ჩუქებაზე უარის შესახებ ინფორმაცია დღეს "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა გაავრცელა. მისი თქმით, ეს იმ ფონზე მოხდა, როცა 5 ივლისის მოვლენების შემდეგ ბალტიის ქვეყნებმა ღარიბაშვილს ვიზიტზე უარი უთხრეს. კანდელაკმა მთავრობის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, რატომ არ შეიძლებოდა ვაქცინების ეს დოზები მასწავლებლების ასაცრელად გამოეყენებინათ და 15 სექტემბერს სწავლა საკლასო ოთახებში განახლებულიყო.