ოპოზიცია დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრობის" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას გამოეხმაურა და პარტიის გადაწყვეტილებას "თავხედური" უწოდა. 

მისი თქმით, ენმ მიშელის დოკუმენტს 6 თვის განმავლობაში "ძირს უთხრიდა" და ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს "საფრთხის ქვეშ აყენებდა". 

"ამ ვითარებაში ჩემი როლი ნათელზე ნათელია, მე ვდგევარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს. ყველაფერს ვიღონებ, რომ არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება.

ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა, სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა, მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაცბილიზაციის პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ არჩევნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით. ჩემი პოზიცია უცვლელია, მე ვარ ერთგული ყველაფერი იმის,რასაც ვიცავ მუდმივად პირველი დღიდან: საზოგადოების ერთობა, დეპოლარიზაცია, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური დემოკრატია და ევროპული მომავალი", - თქვა პრეზიდენტმა. 

როგორც ცნობილია, ​"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს, 2 აგვისტოს, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. პარტიის თავმჯდომარის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება დასავლური გზიდან გადახვევის ნათელი და მტკიცე მტკიცებულებაა. მელიამ აღნიშნა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი პარტიისთვის მიუღებელია, თუმცა სახელმწიფოებრივი რისკების გამო, მზად არიან 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერონ.

ენმ-ის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ახლა უკვე გვიანია და "გამორიცხულია, "ოცნება" ამ შეთანხებას დაუბრუნდეს".

მიშელის საბოლოო დოკუმენტს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" ხელი 19 აპრილს მოაწერეს. დოკუმენტს წინ უძღოდა ოპოზციის საპარლამენტო ბოიკოტი და 6-თვიანი მოლაპარაკებები, რომელსაც მედიაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უწევდა. ხელმომწერ პარტიებს შორის არ ყოფილან, "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია".

მიშელის შეთანხმება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას, საარჩევნო და სასამართლო რეფორმას შეეხებოდა. ამასთან დოკუმენტში საუბარი იყო ვადამდელ არჩევნებზე. იმ შემთხვევაში თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩანიშნულიყო.

28 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დოკუმენტმა თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

ამ ფონზე, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი საქართველოს €75-მილიონიან დახმარებას არ გადაურიცხავს. პრემიერმინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის თანხა არა დახმარება, არამედ ვალია და მასზე უარს თავად მთავრობა ამბობს. ღარიბაშვილის კომენტარებს ევროკავშირი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ეწერა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა. კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი