ნიკა მელია წინააღმდეგია, მასზე გავრცელდეს ამნისტია - დიმიტრი საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, მელია წინააღმდეგია, რომ მასზე ამნისტია გავრცელდეს. შესაბამისი განცხადება ადვოკატმა, სასამართლო პროცესზე გააკეთა. მანამდე კი მან, საქმის მოსამართლეს, ნინო ჩახნაშვილს ჰკითხა, მისი მოსამართლეობის განმავლობაში, თუ ჰქონია შემთხვევა, რომ ბრალდებულისთვის ეკითხა, თანახმა იყო თუ არა ამნისტიაზე.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შეკითხვას არ უპასუხა, საძაგლიშვილმა კი განმარტა, რომ პირველად ხდება, როდესაც სასამართლო ბრალდებულს ეკითხება ამნისტიის თანხმობას, საძაგლიშვილის თქმით, ეს ჩანაწერი კანონში სწორედ ნიკა მელიას გამო გაჩნდა.

​"რეალურად, ცხადია რომ შეკითხვა რიტორიკული იყო, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და ეს ხდება ზუსტად ნიკა მელიას გამო და ამიტომ გაჩნდა კანონში ეს ჩანაწერი. ნიკა მელია წინააღმდეგია, მასზე გავრცელდეს 2021 წლის 7 სექტემბრის ამნისტია",- თქვა დიმიტრი საძაგლიშვილი.

7 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა 20-21 ივნისის საქმეების ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი "ქართული ოცნების" მიერ არის შემუშავებული. 

ამნისტიის აქტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.

20 ივნისის საქმეზე ამნისტია შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი იყო. მას მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული და მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ევროკავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ შეეცვალა. ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა.

​ 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი