"კადრები გვაქვს, როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი" - კობახიძე მედიას ემუქრება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ოპერატორზე თავდასხმას ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ ოპერატორი "ოცნების" ოფისიდან არ გადმოუგდიათ და ის შემთხვევით გადმოვარდა.

კობახიძის თქმით, "მთავარი არხის" ჟურნალისტმა ქარელში მერობის კანდიდატს პროვოკაცია მოუწყო, მისი თქმით, "მსგავსი რამ მხოლოდ უზრდელმა ჟურნალისტმა შეიძლება შეასრულოს".

"კადრები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანი ქუჩაში. არა მეორე სართულიდან 2 მეტრიც არ იყო 1 მეტრი იყო ის ადგილი, სადაც ის გადმოვარდა... ყველაზე უზრდელ და სამარცხვინო ჟურნალისტს რომ უშვებ პროვოკაციის მოსაწყობად ქარელში, ეს მხოლოდ გვარამიას შეიძლება მოუვიდეს აზრად და ამ უზრდელმა ჟურნალისტმა შეიძლება შეასრულოს",-თქვა კობახიძემ.

კობახიძემ ასევე ტყუილი უწოდა "ქართული ოცნების" მერის კანდიდატებზე გავრცელებულ ინფორმაციას და ჟურნალისტებს დაემუქრა. მისი თქმით, მმართველი პარტია შესაბამის ზომებს მიიღებს.

"რაც შეეხება მერების მიმართ ბრალდებებს ამ გამოგონილ მეტსახელებს, ეს არის ტყუილი და ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სამართლებრივ ზომებს, შესაბამისი კანდიდატების მონაწილეობით. ძალიან ძვირად დაუჯდება თქვენ ტელევიზიებს ყველა ის ფეიკ ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება... კი, გემუქრებით, რომ მოგიწევთ ბოდიშის მოხდა",-თქვა მან.

"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს "ქართული ოცნების" შტაბში, ქარელში გუშინ, 16 სექტემბერს თავს დაესხნენ. "მთავარი არხის" ოპერატორი შენობის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ოპერატორს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს ის კლინიკიდან დღეს, 16 სექტემბერს გაწერეს.

მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით არის დაწყებული, იურისტი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გამოძიება არასწორი მუხლით არის დაწყებული.

მმართველ გუნდის წევრები მომხდარს უარყოფენ და პროვოკაციაში ჟურნალისტებს ადანაშაულებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი