
"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, "ქართული ოცნების" ოფისში "მთავარი არხის" ოპერატორ ლევან აბლოთიაზე თავდასხმას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ის, რაც გუშინ ქარელში მოხდა, მიმდინარე წლის 5 ივლისს, ჟურნალისტებზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის გაგრძელებაა.
"ქართული ოცნების" მოქმედებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის. გუშინ, "მთავარი არხის" ოპერატორზე მომხდარი თავდასხმა არის გაგრძელება 5 ივლისს, ჟურნალისტბზე თავდასხმის და იმ შეტევის თავისუფალ სიტყვაზე, რომელსაც "ქართული ოცნება" ეწევა ბოლო პერიოდში. თუ შენ ებრძვი თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ სასამართლოს, თუ გინდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები პოლიტიკური მიზნით აკონტროლო, ეს ნიშნავს, რომ შენ არ გინდა ქვეყნის განვითარება.
მოსმენა, დასმენა, თვალთვალი, ძალადობა, იქცა ამ წინასაარჩევნო პერიოდის ნათელ მაგალითად. მივმართავთ მოქალაქეებს, ეს გზა ჩვენ მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად არ უნდა დავუშვათ. 2 ოქტომბერს არის გადამწყვეტი არჩევნები - ან ვირჩევთ ცივილიზებულ სამყაროს, განვითარებულ საქართველოს, ან ვირჩევთ სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩახრჩობილ საქართველოს", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს "ქართული ოცნების" შტაბში ქარელში გუშინ, 16 სექტემბერს დაესხნენ თავს. "მთავარი არხის" ოპერატორი შენობის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ოპერატორს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს ის კლინიკიდან დღეს, 16 სექტემბერს გაწერეს.
მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით არის დაწყებული, იურისტი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გამოძიება არასწორი მუხლით არის დაწყებული.
მმართველ გუნდის წევრები მომხდარს უარყოფენ და პროვოკაციაში ჟურნალისტებს ადანაშაულებენ.