
"ევროკავშირი ელოდება განმარტებებს, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან... ეს დამატებითი ნაბიჯების და პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე ვერ ჩაივლის" - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საუბრობს.
ევროპარლამენტარი სუს-ის სკანდალურ ფაილებსა და ტოტალურ მიყურადებაზე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაარკვიოს რა მოხდა, რადგან საქართველო დემოკრატიაა და მთავრობამ დემოკრატიის ასეთ დარღვევაზე რეაგირება უნდა გააკეთოს.
პირველ რიგში, გარდა კანონიერი საჭიროების შემთხვევებისა, ასეთი მოსმენები მიუღებელია. საინტერესოა ის, რომ ერთი კვირის წინ ევროპის პარლამენტში „პეგასუსის“ საქმეზე გვქონდა დისკუსიები და ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენად უპატიებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უკანონო თვალთვალი და რამდენად დიდ დარტყმას აყენებს ეს დემოკრატიას. იგივე შემიძლია ვთქვა საქართველოზეც. იმ ადამიანებმა, რომლებიც ამაში დამნაშავეები არიან, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. არ არსებობს არანაირი გამართლება იმისა, რომ ვინმემ საქართველოს პოლიტიკოსებზე თუ ევროპელ დიპლომატებზე იჯაშუშოს. ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით სათანადო ზომებს მიიღებს და საქართველოს მთავრობას სთხოვს იპოვოს დამნაშავეები და მას პასუხი აგებინოს...
ამ ეტაპზე რთულია ჩემთვის რაიმე კონკრეტული ვთქვა, რადგან ეს მხოლოდ სპეკულაცია იქნება. როგორც თქვენ ახსენეთ, ერთ-ერთი ნაბიჯი ბრიუსელში საქართველოს ელჩის ევროკავშირის სათაო ოფისში განმარტებების გასაკეთებლად გამოძახება იყო. ახლა ევროკავშირი ელოდება იმაზე დამატებით განმარტებებს, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვინა არის ამაზე პასუხისმგებელი და რის გაკეთებას აპირებს საქართველოს მთავრობა ამ საქმესთან დაკავშირებით. იმიტომ რომ, ეს ასე, დამატებითი ნაბიჯების და პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე ვერ ჩაივლის,- ამბობს მარინა კალიურანდი.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ დიპლომატებს, სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსის მოქმედი პირების ნაწილმა დაადასტურა.
იხილეთ ასევე: