
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, არ აქვს დადასტურებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია თუ არა, თუმცა, ხაზარაძის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა, ნიშნავს, რომ არც შსს და არც უსაფრთხოების სამსახური არ მუშაობს.
"დადასტურებულად არ ვიცი ბატონო სააკაშვილი საქართველოშია თუ არა, როგორც მე ვნახე გავრცელებული ვიდეო, თუ ეს ესეა მაშინ ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უსმენს სამღდველოებას, გისმენთ თქვენ, უსმენთ მშვიდობიან მოქალაქეებს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, დაელოდება დაზუსტებულ ინფორმაციას და განცხადებას მოგვიანებითაც გააკეთებს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა.