
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მმართველი გუნდის სხვა ლიდერების მსგავსად ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში არ დაბრუნებულა.
კუჭავა ჟურნალისტებს "ემოციების დაცხრობისკენ" მოუწოდა და უთხრა, რომ "ცრუ ინფორმაცია არ გაავრცელონ".
"არ შეიძლება გააკეთო კომენტარი სერიოზულად არასერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე. ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გაგატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის. ეს არის Fake ვიდეო და ემოციების დაცხრობისკენ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში თქვენ [ჟურნალისტებს], რომ არ გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია", - თქვა კახა კუჭავამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ასეთივე პოზიცია აქვთ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, მათ შორის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.