
"კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანის ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურების რამდენიმე დანაყოფი დაუმორჩილებლობას აცხადებს. განცხადება ამ თემაზე მან "მთავარი არის" გადაცემა "დღის სტუმარში" გააკეთა.
"მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე განაყოფი, ამას გაიგებთ ცოტა ხანში დაუმორჩილებლობას აცხადებს და არ ემორჩილება ხელისუფლების გადაწყვეტილებას. დაიწყო უკვე, რატომ, იმიტომ, რომ გაანალიზა ხალხმა უკვე", - თქვა თაკო ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, ამ თემაზე ახალ ინფორმაციას ელოდება.
ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდიდან სპეცრაზმი ბათუმში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა. "ქართული ოცნება" ვიდეოებს ფეიქს უწოდებს და ამბობს, რომ ამას ექსპერტები სწავლობენ.