
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, არსებული "ეიფორია" მალე გადაივლის და "ხალხი სახელმწიფოს აბუჩად აგდებას საკადრის პასუხს გასცემს".
ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ "იხუმრა", რომ სააკაშვილი კურორტ გოდერძიზე ქეიფობდა და ითხოვა, რომ "მოგვიანებით ჩაბარდებათ".
"ქეიფობდნენ კურორტ გოდერძიზე, მოუვიდათ ცოტა მეტი ქეიფი და დღეს ითხოვეს, გვაცადეთ, იქნებ ცოტა მოგვიანებით ჩაგბარდეთო. ეს ხუმრობით, მაგრამ რაც შეეხება ამ საკითხის ასეთ აჟიოტაჟს, ეიფორიას, მერწმუნეთ, რომ ეს რამდენიმე საათიანი ეიფორია გადაივლის და ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ქართული სახელმწიფოს, საზოგადოების, მათ შორის, მათი ამომრჩევლის ასე აბუჩად აგდებას", - თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა. "ქართული ოცნება" ვიდეოებს ფეიქს უწოდებს და ამბობს, რომ ამას ექსპერტები სწავლობენ.