
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მარტვილის მერობის კანდიდატის, თემურ ჯანაშიას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ მმართველი გუნდის მხარდამჭერებში დაბნეულობა გამოიწვია.
მისი თქმით, "ოცნებაში" ადამიანები უკვე ხედავენ, რომ მოქალაქეების უმრავლესობას ცვლილებები სურს და ფიქრობენ, "რა გზას დაადგნენ".
"მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ ამომრჩევლებზე მუშაობენ "ქართული ოცნების" ლიდერები, ჩვენ დილიდან უკვე ვხედავთ, როგორ იშლება მათი ოფისები და ბჭობაში არიან, საბოლოო ჯამში, რა გზას დაადგნენ. მესმის მათი გულისტკივილი. ისინი ხედავენ, რომ ხალხში უკვე მკვეთრად ჩანს, ცვლილებების სუნი ტრიალებს. ქუჩაში რომ გახვიდეთ და ნებისმიერ ადამიანს ჰკითხოთ ცვლილებების მომხრე არის თუ არა, ყველა გიპასუხებთ, რომ მომხრეა. ერთადერთი, რაც ამ ხალხს აკავებდა იყო მხოლოდ ის კავშირი, რაც აისახებოდა პირად კეთილდღეობაზე და ნახეს უკვე მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით, რომ ის ბოლო ძაფი, რითაც იყვნენ დაკავშირებული, ნელნელა ირღვევა", - თქვა თემურ ჯანაშიამ.
მანვე აღნიშნა, რომ 3 ოქტომბერი იქნება სახალხო ზეიმი, რომლის შემდეგაც ქვეყნის ახალი აღმშენებლობა დაიწყება.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა. "ქართული ოცნება" ვიდეოებს ფეიქს უწოდებს და ამბობს, რომ ამას ექსპერტები სწავლობენ.