მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს უკვე ორ უბანზე გაუსწორდნენ ფიზიკურად. გარდა ამისა, კიდევ ერთი საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გამოაგდეს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი.
68-ე უბანზე უბანზე "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელს იმ დროს დაუპირისპირდა, როდესაც ის დარღვევას აფიქსირებდა.
"უბანზე ვიყავი და ორი ადამიანი დავაფიქსირე, რომლებიც მოვიდნენ სხვა უბნიდან და ხმის მიცემას აპირებდნენ. ეს ფაქტი რომ დავაფიქსირე "ქართული ოცნების" კანდიდატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი მოვიდა და გარეთ გამიყვანა. სამარშრუტო ტაქსთან მიმიყვანა და დამარტყა. მცემა იმიტო, რომ ხელს გვიშლიო. პოლიციას ველოდები, აუცილებლად ვუჩივლებ", - თქვა ენმ-ს წარმომადგენელმა.
დაძაბულობა იყო 48 საარჩევნო უბანზეც, სადაც აქტივისტებსა და "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატ ზაურ დარგალს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა. "ოცნების" დამკვირვებლები "ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრებს ამ უბანზეც ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც კომისიის ერთ-ერთი წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დარღვევებს ჰქონდა ადგილი მარნეულის პირველ და მეოთხე უბანზეც. კერძოდ, პირველ უბანზე "ოცნების" კანდიდატი ვასილ ხახულაშვილი იმყოფებოდა. მეოთხე უბანზე კი პირი ბიულეტენების ხელმეორედ ჩაყრას ცდილობდა.