
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კახა კუჭავა, კიევში, ბაბინ იარის, უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. 2021 წელს ამ ტრაგედიის 80 წლისთავი აღინიშნება.
ვიზიტის სხვა დეტალები უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, მხარეებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და მისი დაკავება იქნება.
მრავალწლიანი პოლიტიკური დევნილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა სამშობლოში, მიუხედავად მისი დაპატიმრების მუქარისა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პოლიციამ 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავა.
მიხეილ სააკაშვილის დაკავებას 3 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.