"ბრალდებები ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე საფუძვლიანად უნდა გამოიძიოთ" | ევროპარლამენტარების განცხადება

გამოქვეყნდა:

წინასაარჩევნო გარემო, 2 ოქტომბრის არჩევნები და ამ დღეს დაფიქსირებული დარღვევები გახდა 3 ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის, სვენ მიქსერისა და ვიოლა ფონ კრამონის მიერ გავრცელებული საერთო განცხადების მთავარი თემა. 

განცხადებაში ნათვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზებული იყო, მოსყიდვასა და ზეწოლაზე ბრალდებები კი საფუძვლიანად გამოსაძიებელია. 

"კამპანია პოლიტიკისა და მედიალანდშაფტის მძაფრი პოლარიზაციით ხასიათდებოდა, რამაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც გამოიწვია. ძალიან ხშირად პერსონალური თავდასხმები ჭარბობდა პოლიტიკურ დებატებს, ამის გამო, ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება არ ჰქონდა. ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ისევე როგორც ბრალდებები ამომრჩევლის მოსყიდვასა და კანდიდატების, ამომრჩევლისა და ჟურნალისტების დაშინებაზე საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული", - წერენ ევროპარლამენტარები.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების პირველი ტურისას პოლიტიკური გარემო "უკიდურესად პოლარიზებული" იყო, არჩევნები მაინც "კონკურენტული და კარგად ორგანიზებული" იყო.

"ეს არჩევნები არსებითად გაუმჯობესებული საკანონმდებლო ჩარჩოს ქვეშ ჩატარდა, ამომრჩეველს საშუალება მიეცა, რომ არჩევანი სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის გაეკეთებინა. არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო და კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია. არჩევნების დღე წარიმართა მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ, გარკვეული პროცედურული საკითხების მიუხედავად", - წერია განცხადებაში. 

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების მეორე ტურისთვის ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

"არჩევნების მეორე ტურის წინ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს, დაასრულონ პირველი ტურის დროს დაფიქსირებული არასწორი ქმედებები. მივმართავთ პოლიტიკურ კლასს, აჩვენონ პასუხისმგებლობა და სიმწიფე. ისინი საზოგადოებრივ ინტერესს პარტიულ ინტერესზე მაღლა უნდა აყენებდნენ, გადაფურცლონ კონფრონტაციის გვერდი და განახორციელონ აუცილებელი რეფორმები" - ნათქვამია 3 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი