საპატრიარქოს პრესსპიკერი, მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასულიერო პირების მიერ გაკეთებული არცერთი განცხადება საპატრიარქოს პოზიცია არაა. მისი თქმით, ზოგჯერ ეკლესიას უწევს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა.
"საპატრიარქოს პოზიცია არ არის არცერთი ის განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ. ძირითადად თქვენი ტელევიზიები არის, რომელიც აპირისპირებას ადამიანებს და ჩვენ გვეკითხებით ეხლა შერიგებაზე?! თქვენ სულ ითხოვთო, რომ საპატრიარქო არ იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, დღეს ითხოვთ რომ საპატრიარქომ პოლიტიკური რაღაცა...ზოგჯერ გვიწევს [ჩარევა პოლიტიკურ პროცესში] პირდაპირ თუ არაპირდაპირ", - თქვა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, სვეტიცხოველში შეკრებილმა სასულიერო პირებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს განსხვავებული პოზიციები გააჟღერეს. მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს "აუცილებლად მოაწერეს".
განსხვავებული პოზიციას აქვთ ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანესა და ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე იოანეს. მეუფე სტეფანე ამბობს, რომ არ აპირებს, პეიტიციას ხელი მოაწეროს. რაც შეეხება მეუფე იოანეს, ის ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი "დამნაშავეა, დანაშუალს არ აღიარებს და კიდევ "ხულიგნობს", რის გამოც შერიგება ვერ მოხდება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე მე-14 დღეა, შიმშილობს. სასულიერო პირების ნაწილმა პოზიცია მასთან დაკავშირებით ღიად დააფიქსირა და პეტიციას ხელი უკვე მოაწერა.