ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი, რომელიც ბრიუსელში "მთავარი არხის" ჟურნალისტმა, ნათია გოგსაძემ ექსკლუზიურად ჩაწერა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქმე პოლიტიკურია.
გლუკსმანის განცხადებით, პრემიერმინისტრმა თავის "მუქარით" ამას ხელი მოაწერა. მისივე შეფასებით, მართლმსაჯულება საქართველოში იარაღია მათ ხელში, ვინც ხელისუფლებაშია.
"არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რას ფიქრობს სააკაშვილზე. მთავარი ის არის, რომ საქართველოს მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი და ეს არის პოლიტიკური საქმე. ეს ყველამ იცის და პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საკუთარი პირით თქვა, რომ თუ სააკაშვილი კარგად მოიქცევა ციხეში, ანუ პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებს, მაშინ მას დამატებით მუხლებს არ წაუყენებენ და თუ ცუდად მოიქცევა, ანუ კიდევ გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, მაშინ მეტ დროს გაატარებს ციხეში. რას ნიშნავს ეს? რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში წყვეტს პრემიერ-მინისტრი, ვის რამდენი ბრალი უნდა წაუყენონ და ვინ რამდენი ხანი უნდა გაატაროს საპატიმროში? ასე რომ, თუ აქამდე ვინმეს ამაში ეჭვი მეპარებოდა, ახლა ღარიბაშვილმა თავად აღიარა ყველაფერი. მან ხელი მოაწერა იმას, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე.
როდესაც სააკაშვილმა 2012 წელს აღიარა დამარცხება არჩევნებში, მან უკვე იცოდა, რა მოხდებოდა შემდეგ. ეს იყო ომი, რომელიც ივანიშვილმა, მისმა თაღლითებმა, ეკლესიამ და სხვა რეაქციულმა ძალებმა გამოუცხადეს სააკაშვილს. ასეა თუ ისე, მართლმსაჯულება საქართველოში არის იარაღი იმათ ხელში, ვინც ახლა ხელისუფლებაშია. ამიტომ, ევროკავშირმა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას და ეს უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა პროევროპელია და ყველაფერი, რაც ამ ქალაქში ითქმება, დიდ გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობაზე. არა აქვს მნიშვნელობა, ვის მოსწონს სააკაშვილი და ვის არა, ისინი თავს ევროპელებად თვლიან და არ უნდათ იმ საზოგადოების ნაწილი იყვნენ, სადაც ლუკაშენკო და პუტინი არიან. ამიტომ, ევროკავშირმა ნათლად უნდა უთხრას საქართველოს ხელისუფლებას, რომ თუ მათ სურთ ევროპის ცივილიზებული ერების ოჯახში თავის დამკვიდრება, მაშინ მათ უნდა შეწყვიტონ ოპონენტების პოლიტიკური დევნა. ეს არის ძალიან მარტივი წესი და თუ ეს არ გინდა, მაშინ სრულიად სხვა სამყაროს ეკუთვნი, რომელსაც პოსტ-საბჭოთა სამყარო ჰქვია და სავსეა ლუკაშენკოს და პუტინის მსგავსი ადამიანებით", - აღნიშნა მან.
ევროპარლამენტარი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ევროკავშირს ნაკლები მოლოდინები და სტანდარტები აქვს.
მისივე აზრით, "ქართულმა ოცნებამ" 2012 წელს მემკვიდრეობით მიიღო ისეთი სახელმწიფო, როგორიც მანამდე არავის მიუღია.
"როდესაც ადამიანი ხშირად ამბობს, რომ ევროკავშირი მისი ერთადერთი არჩევანია, ასეთ შემთხვევაში ბრიუსელში უფრო ყურადღებით აკვირდებიან და მცირე გადაცდომაზეც მიუთითებენ. მეორეს მხრივ, თუ ადამიანს ისეთი სტრატეგია აქვს არჩეული, რომ მისთვის სულ ერთია, ევროკავშირში შევა თუ სხვა ორგანიზაციაში, ასეთ შემთხვევაში ყურადღება ბრიუსელის მხრიდანაც იკლებს. სააკაშვილმა საქართველო წარმატებულ ქვეყნად აქცია, ამის შემდეგ ყველა უფრო მაღალ სტანდარტებს გიწესებს, ქართული ოცნების შემთხვევაში კი ნაკლები მოლოდინები და სტანდარტებია. გინახავთ ქართული ოცნებიდან ვინმე ვინც თავად ამბობს, რომ წარმატების ისტორია შექმნეს? ახლა ბევრი ადამიანი ამბობს, რომ სააკაშვილს შეცდომები ჰქონდა და დანაშაულები ჩაიდინა, მაგრამ გაიხსენეთ მსოფლიოში რომელი რევოლუციონერი წავიდა ხელისუფლებიდან დემოკრატიული არჩევნებით? გაიხსენეთ... 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" მემკვიდრეობით მიიღო ისეთი სახელმწიფო, როგორიც მანამდე არავის მიუღია. მათ შეეძლოთ, ისე ემართათ ქვეყანა, რომ შემდეგ ადამიანები მათ ხელისუფლებაში მოსვლას საკვანძო მომენტად ჩათვლიდნენ და ყველა მიხვდებოდა, რომ გამართული ინსტიტუციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ადამიანი ან პარტია. მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. მათ ჩათვალეს, რომ მათი სიძულვილი, სიბრაზე და ძალაუფლებისადმი ლტოლვა უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი იყო. მე მომწონს, საქართველოში რომ ასეთი ემოციური პოლიტიკური გარემოა, მაგრამ ზოგჯერ უნდა შეჩერდე და დაფიქრდე, რა მიმართულებით მიდის ქვეყანა. ვფიქრობ ახლა ყველა ხვდება რა მიმართულებით წავა ქვეყანა, თუ სააკაშვილი ციხეში დარჩება, გააგრძელებს შიმშილობას და ღმერთმა იცის, რა მოხდება შემდეგ", - თქვა ევროპარლამენტარმა.
ევორპარლამენტარი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა უნდა აუხსნას საქართველოს მთავრობას, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, როგორ მოხდება ეს, მნიშვნელობა არ აქვს.
"მე არ შემიძლია, ვუკარნახო საქართველოს ხელისუფლებას, თუ როგორ უნდა გამოუშვას სააკაშვილი. ევროკავშირმა უბრალოდ უნდა აუხსნას საქართველოს მთავრობას, რომ სააკაშვილი უნდა განთავისუფლდეს და როგორ მოხდება ეს, ამას მნიშვნელობა არა აქვს. თავად ჩაიგდეს თავი ამ სიტუაციაში და თავადვე გადაწყვიტონ ეს პრობლემა. მთავარი ის არის, რომ სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს. არ შეიძლება გეგონოს, რომ მას ციხეში დატოვებ და ჩვეულებრივი ურთიერთობა გექნება ევროკავშირთან და ნატოსთან. სიტუაცია ჩიხში შევა.
ფაქტი ის არის, რომ საქართველოს მთავრობა უკანონოდ უსმენს ევროპელ დიპლომატებს და ამავე დროს ხელს უწყობს რუსული გავლენების ზრდას ინსტიტუტების შიგნით. შენ შეგიძლია უამრავი პოლიტიკური განცხადება გააკეთო, მაგრამ როდესაც შენ ევროპელ დიპლომატებს ფარულად უსმენ, ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსირება რუსულ გავლენებზე მოახდინო, მაშინ ისმის კითხვა, რა მომავალი გაქვს ჩაფიქრებული შენი საკუთარი ქვეყნისთვის? ამიტომ, ევროკავშირმა უნდა გააკეთოს მკვეთრი განცხადება, რომ ქართულმა საზოგადოებამ ნათელი მესიჯი გაუგზავნოს ქვეყნის ფაქტობრივ მმართველ ივანიშვილს, რომ გაანთავისუფლოს სააკაშვილი, თუ უნდა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის მეგობარი იყოს.
თავისუფლება მიშას ნიშნავს თავისუფლება საქართველოს.საქართველო ვერ იქნება თავისუფალი, სანამ მიშა არ იქნება თავისუფალი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ მოგწონთ, თუ მის მიმართ პრეტენზიები გაქვთ, ეს უნდა მოითხოვოთ, იმიტომ რომ საქართველო ვერ იქნება თავისუფალი, სანამ მისი მესამე პრეზიდენტი ციხეში ჰყავს იმ ხალხს, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის მომავალს. თქვენ ბევრი სისხლი დაღვარეთ თავისუფლებისთვის და დიდი ხანი არ გასულა, რაც დამოუკიდებლები ხართ. ამ შემთხვევაში ამ ერთი ადამიანის თავისუფლება არის პირობა ქვეყნის თავისუფლებისთვის", - თქვა გლუკსმანმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-18 დღეა შიმშილობს.