
რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელია და ის ამ ვერსიას არ განიხილავს.
"ნამდვილად ვერ დავეთანხმებით იუსტიციის მინისტრის განცხადებას, იმიტომ, რომ ეს არის უბრალოდ ძალიან მარტივად, ჯერ ერთი უკანონობა, ამის შემდგომ ეს არის მიცემული პირობის გატეხვა, იმიტომ, რომ პირველი დღიდან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კომისიის ფარგლებში აცხადებდნენ, რომ საჭიროებისთანავე პრეზიდენტს გადაიყვანდნენ ექიმების მიერ შერჩეულ კლინიკაში. ახლა ის, რომ რომელიღაც პერსონალურ მმართველში, ხელის ბიჭში გაიღვიძა პერსონალურმა ბოღმამ და გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანოს ციხესთან არსებულ საავადმყოფოში, არ ნიშნავს, რომ ეს ასე იქნება. მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სადღაც ციხის საავადმყოფოში არის შეუძლებელი, ამ ვარიანტს ბატონი პრეზიდენტი საერთოდ არ განიხილავს", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მხარდაჭერებისთვის დააბარა გუშინ საკნიდან ნათქვამი ფრაზა, რომელიც ბოლომდე არ ისმოდა - "მიყვარხართ, ძალიან მაგრები ხართ!"
ადვოკატის თქმით, პენიტენციურის გუშინდელი განცხადება იყო "თავის მართლების მცდელობა ვიღაცასთან" და მიხეილ სააკაშვილს არ დაურღვევია არავითარი შინაგანაწესი
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში 22-ე დღეა შიმშილობს.