
ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას ბრალდება ოფიციალურად წარედგინა. მას ბრალის დადგენილება იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობაში გააცნეს. ბრალდებულს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება.
დაკავებულის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ რაფავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღესვე იმსჯელოს.
"ლექსო რაფავას მიმართ მოხდა გაუგონარი დანაშაულის ჩადენა სახელმწიფოს მხრიდან. ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, რომლის წვლილიც დიდია დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიის განხორციელებაში, მისი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო გდდ-ს ათეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, სახლში აუვარდა, ავტომატი და ხელყუმბარა ჩაუდო, შემდეგ ამოუღო და სამართლებრივად შეფუთა შეძენა-შენახვად", - თქვა ადვოკატმა დავით ახალაიამ.
ოჯახი დარწმუნებულია, რომ რაფავას დაკავება არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლა და შურისძიებაა.
შსს-ს შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა კიდევ ერთმა ყოფილმა ძალოვანმა, რუსლან შამახიამ, რომლის ბინაც გუშინ გაჩხრიკეს. შამახია ამბობს, რომ მოსალოდნელი დაკავების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და დარწმუნებულია, სპეცრაზმს რომ სახლში დახვედროდა, იარაღს მასაც "ჩაუდებდნენ".
სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს ღამით დაიწყო. ხობში ძალოვანების ჩასვლის შემდეგ დააკავეს ლექსო რაფავა. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. იმავე დღეს, თბილისში კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი დააკავეს. დათიაშვილს ბრალდებას ოფიციალურად ცოტა ხანში წარუდგენენ.