
ციხის საავადმყოფოში იმიტირებული ბუნტის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მან უწყებას ინფორმაცია თავად უნდა მიაწოდოს.
მისი თქმით, თუ ნიკა გვარამია დაინტერესებულია ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაში და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვაში, მაშინ მან გენინსპექციის კითხვებს უნდა უპასუხოს.
"რაც შეეხება ბატონი გვარამიას განცხადებას, მან თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ დაინტერესებულია რა თქმა უნდა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაში და მათ შორის პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვასა და ჯანმრთელობის სტაბილურ მდგომარეობაში, უნდა მობრძანდეს და გასცეს გენინსპექციის წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხი და მიაწოდოს ინფორმაცია", - თქვა რატი ბრეგაძემ.
ნიკა გვარამიამ იუსტიციის სამინისტროს განცხადებას გუშინვე უპასუხა და აღნიშნა, რომ დატვირთული გრაფიკის გამო ის უწყებაში 24 ოქტომბერს ვერ მივიდოდა, მოგვიანებით კი თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა.