
"აშკარაა, რომ იუსტიცის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას" - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი განცხადებას, რომ მესამე პრეზიდენტს პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ სამკურნალოდ და არა კერძო კლინიკაში.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს წირავს.
"რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ არ აპირებენ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში, თითქოსდა საუბარი იმაზე, რომ კერძო კლინიკაში უნდა მომხდარიყო ჰოსპიტალიზება კონსილიუმის მხრიდან არ ყოფილა, ეს არის წვრილფეხა ტყუილი. კონსილიუმმა, რომელიც ხაზგასმით მინდა ვთქვა, მთავრობის ქოლგის ქვეშ შეიქმნა, მათ შორის შემადგენლობაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნა დაკომპლექტებული საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მრავალპროფილურ კლინიკაში, და გრძელდება, აქ წერტილი არ არის, სადაც შესაძლებელი იქნება, ანუ არსებობს მაგნიტო-რეზონანსული კვლევის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, დუპლექს სკანირების გაკეთება", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლების შემოწმების შემდეგ გამოქვეყნებული დასკვნა, ცხადყოფს, რომ მე-18 დაწესებულებაში ვერც მაგნიტო-რეზონანსული კვლევა და ვერც კომპიუტერული ტომოგრაფია ვერ გაკეთდება.
ამავე თემაზე:
მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს სამოქალაქო კლინიკას, ბატონ ფაღავას ეს არ უხსენებია - ბრეგაძე