
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, იურისტი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დუმილი "ქართული ოცნების" შურისძიების გეგმის ნაწილად ყოფნაა.
"ხელისუფლების მხრიდან ბოლო პერიოდში დაგროვებული განცხადებები, გადადგმული ნაბიჯები და რიტორიკა მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა - მათ მხოლოდ შურისძიების დაუოკებელი ჟინი ამოძრავებთ და გადაწყვეტილი აქვთ იძიონ შური, რადაც არ უნდა დაუჯდეთ ეს.
სხვა შემთხვევაში, გაუგებარია ჯიუტად ამტკიცებდე, რომ ციხის საავადმყოფო პერსონალის და სამდეიცინო აღჭურვილობის კუთხით გამართულია, როდესაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ არ არის და ამბობდე, რომ უსაფრთხოების პრობლემები არ იქნეა, როდესაც სახალხო დამცველი საპირისპიროს ამბობს და ლოგიკურადაც ასეა.
ფაქტიურად ხელისუფლება გვეუბნება, რომ ადამიანი დაე მოკვდეს, რადგან მათი გადმოსახედიდან ის ამას იმსახურებს და ცდილობს საზოგადოებაც ამაში დაარწმუნოს - რომც მოკვდეს, რა პრობლემაა ის ხომ ამას იმსახურებს", - წერს ედუარდ მარიკაშვილი.
იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ პენიტენციურის მე-18 დაწესებულებაში, ყველაფერი მზადაა პაციენტის მისაღებად და მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის დასკვნაა, რომ რეკომენდებულია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში.
ამასთანავე, საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, რომ მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.