
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და სენაკში მერობის კანდიდატი, კობა ნაყოფია ხელისუფლებას მოუწოდებს, "ცეცხლს ნუ ეთამაშებიან".
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.
"ამ ხელისუფლებისგან არაფერი არაა გამორიცხული, არც ეს გამიკვირდება ჩუმად რომ გადაიყვანონ ციხის საავადმყოფოში] მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ სრული პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე, ეკისრება ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, ამიტომ ცეცხლს ნუ ეთამაშებიან. მე ვურჩევდი მათ, დაუჯერონ ექიმებს, კონსილიუმს, დაუჯერონ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და დასკვნებს, გააკეთონ ისე, როგორც ეს საჭიროა, ანუ როგორც ითვალისწინებს პროტოკოლი და როგორც ითვალისწინებს ასეთი ტიპის პაციენტებისთვის სამედიცინო სტანდარტი, რომელიც არსებობს ქვეყანაში", - თქვა კობა ნაყოფიამ.
მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დმძიმდა. დღეს უკვე 26-ე დღეა, რაც მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება, მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. გლდანის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს თავად მესამე პრეზიდენტი. ამავე თემაზე: