მიხეილ სააკაშვილი იღებს პრეპარატებს, რაც ექიმებმა დაუნიშნეს, ქაბაბი და ხინკალი სიაში არ არის - კობა ნაყოფიას პასუხი "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

სენაკის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა.

როგორც კობა ნაყოფიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს, თუმცა 26-დღიანი შიმშილობის ნეგატიური შედეგები ეტყობა. 

სენაკის მერობის კანდიდატი მმართველი გუნდის წევრების განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლებიც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეალურად არ შიმშილობს და აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტი მხოლოდ მედიკამენტებს იღებს, რომელიც ექიმების კონსილიუმმა დაუნიშნა. 

"რა თქმა უნდა 26-ე დღეა მისი შიმშილობიდან და ამ დროში რომ ადამიანს შიმშილობა დაეტყობა ბუნებრივია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მხნედ არის. პოლიტიკურ ფორმას ნამდვილად ინარჩუნებს. გუშინ მათმა მთავარმა სპიკერმა კობახიძემ თქვა, რომ თითქოს ის ჭამს და ასეთი რაღაცები ილაპარაკა. უკვირთ, ადამიანი ამდენი დღე ასე რომ უძლებს. დავუჯერებდით, თუ ორი დღე მაინც შეძლებენ იმ პირობებში ყოფნას, რა პირობებშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

გარდა იმ სიისა, რაც მიაწოდა კონსილიუმმა, არაფერს იღებს. ამ სიაში შედის ისეთი რამ, როგორიც არის კალიუმი, ფოსფორი და სხვა ელექტროლიტები. პრეპარატებია და სითხე რასაც ის ღებულობს. ამ სიაში ნამდვილად არ არის არც ქაბაბი და არც ხინკალი. ამავე დროს, კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ყველგან აყენია დღის და ღამის ხედვის კამერები, საპირფარეშოშიც კი. ასე რომ მისი გადაადგილება სრულად კონტროლდება ციხის ტერიტორიაზე. ყველგან აყენია ხმის ჩამწერი კამერები და თვითონ კარგად იციან რას მიირთმევს და რას არა. თუ ასეთი ფაქტი აქვთ, შეუძლიათ გამოაქვეყნონ და გვაჩვენონ, თუ რამეს ჭამს. ეს არის მორიგი მათი ფეიკი, როგორც ჩვევიათ", - თქვა კობა ნაყოფიამ.

მანვე აღნიშნა, რომ სჯობს ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე იფიქროს და ის მრავალპროფილურ კლინიკაში მოათავსონ, სადაც კვალიფიციური მკურნალობა ჩაუტარდება.

"ჯობია, იფიქრონ მის ჯანმრთელობაზე, იმაზე, რომ ის აუცილებლად ეყოლებათ გადასაყვანი პოლიპროფილურ კლინიკაში და მას დასჭირდება კვალიფიციური ექიმების მკურნალობა, ზედამხედველობა ისეთ კლინიკაში, სადაც კონკრეტული აღჭურვილობა არსებობს იმისათვის, რომ ჩატარდეს ფუნდამენტური კვლევები ასეთი ტიპის მოშიმშილე ადამიანისთვის, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს", - თქვა სენაკის მერობის კანდიდატმა.

მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დმძიმდა. დღეს უკვე 26-ე დღეა, რაც მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება, მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. გლდანის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს თავად მესამე პრეზიდენტი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი