რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს უფლებადამცველი, გიორგი გელხაური ხვდება. შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, როგორია მიხიელ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობიდან 28-ე დღეს.
გელხაურმა მედიასთან თქვა, რომ სატელეფონო ზარებსა და ჰოსპიტალიზაციაზე უარის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს ადვოკატებთან კომუნიკაციაშიც კი პრობლემას უქმნიან.
"ჩვენ გვახსოვს პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები, რომ თუ ჭკვიანად არ მოიქცეოდა მიხეილ სააკაშვილი წლებს დაუმატებდნენ, მერე გვახსოვს, როდესაც მას შეუზღუდეს ზარის უფლება, კომუკიაცია შეუზღუდეს გარე სამყაროსთან, მერე გვახსოვს ის, რომ არ მოახდინეს მისი ჰოსპიტალიზაცია, შექმნეს კონსილიუმი და ამ კონსილიუმის დასკვნის საფუძველზე არ მოახდინეს მისი ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში. ახლა უკვე ადვოკატებთან კომუნიკაციის პრობლემასაც კი უქმნიან მიხეილ სააკაშვილს, რომ მას საშუალება არ მიეცეს, იცით დაცვის მხარე მუშაობს სტრასბურგის სარჩელებზე, უამრავ საქმეზე, საშუალება არ მიეცეს, რომ ხელი მოაწეროს რაღაც დოკუმენტს, პოზიციების გაცვლა მოვახდინოთ", - თქვა გიორგი გელხაურმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 28-ე დღეა შიმშილობს. მას შემდეგ, რაც მესამე პრეზიდენტს ციხეში დამატებითი შეზღუდვები დაუწესეს, მიხიელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე უარს აცხადებს.