რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმთა მორიგი კონსილიუმი იმართება. მედიკოსები საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად ციხეში ცოტა ხნის წინ შევიდნენ.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 28 დღეა შიმშილობს და ეს მის ჯანმრთელობაზე უკვე საგრძნობლად აისახა. ამას ემატება ისიც, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში მისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო, დღეიდან მკურნალობასა და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს.
ექიმები ამბობენ, რომ აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში იქნას გადაყვანილი, რათა შესაბამისი მონიტორინგი და დახმარება გაეწიოს, თუმცა ხელისუფლება მათ მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოს სთავაზობს, რომელიც ექიმთა კონსილიუმის მიერ გაწერილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. გლდანის ციხეში გადაყვანა კატეგორიულად მიუღებელია როგორც თავად მიხეილ სააკაშვილისთვის, ასევე მისი ადვოკატებისა და პირადი ექიმისთვის.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს ციხიდან მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც მისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრობს და შიმშილობის კიდევ უფრო მძიმე ფორმაზე გადასვლის მიზეზს განმარტავს.
მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობას იქამდე არ დათანხმდება, სანამ უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის საშუალებას არ მისცემენ.