"რამის თქმის ნაცვლად რომ გავიცინო, არ იქნება პასუხი ჩემი ღიმილი?" - ამ განცხადებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი სუს-ის მიერ სახელმწიფოს დამხობის მუხლით მორიგი გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.
"რეალურად სასაცილოა, იმიტომ, რომ ყველა არჩევნების წინ გვახსოვს სუს-მა ასეთი ტრადიცია დაამკვიდრა გამოძიებას იწყებენ რაღაც სახელმწიფო გადატრიალებაზე და არჩევნებიდან 2-3 დღის შემდეგ არავის არ ახსოვს ეს გამოძიება. არანაირი შედეგი აქამდე არ დამდგარა იმიტომ, რომ არ ყოფილა უბრალოდ ასეთი მცდელობები ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ტრადიციული საშუალება, რომელსაც "ქართული ოცნება" იყენებს ტრადიციულად.
ჩვენ ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა იმ ფორმით, რომ არ დაშავებულიყო არავინ თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნოდა არავის თავიდან. როგორც კი მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა საჯაროდ საქართველოში დაბრუნება, უმალვე მთავრობამ დაიწყო მინიშნებების გაკეთება, რომ კონტრაქციას დააორგანიზებდნენ, ამას ბუნებრივია, შესაძლოა, მოჰყოლოდა არეულობა, დაპირისპირება, სწორედ ამიტომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა გასწირა და იმ ფორმით დაბრუნდა საქართველოში, რომ არავის სხვას, გარდა მიხეილ სააკაშვილისა საფრთხე არ შექმნოდა. ეს არის პასუხი",- ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობასნ მიმართა და თქვა, რომ "თითოეულ თქვენს ხმაზეა დამოკიდებული, ვიცოცხლებ, თუ მოვკვდები... იცოდეთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მაინც მეყვარებით".