ქუთაისის მე-14 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
"TV მედიაპრესის" ჟურნალისტი ამბობს, რომ მასთან "ქართული ოცნების" კოორდინატორი მივიდა, ყელში წვდა და ახრჩობდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიის წარმომადგენელმა შენიშნა, რომ მმართველი პარტიის კოორდინატორს სიები ჰქონდა, 100-მეტრიან დისტანციას არღვევდა და ამომრჩევლებს ხმების სანაცვლოდ თანხას აძლევდა.
სწორედ ამ სიების მოპოვება სურდა ჟურნალისტს, რის საპასუხოდაც "ოცნების" წარმომადგენელი გაღიზიანდა და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
"ამომრჩეველთა სიები ჰქონდათ „ქართული ოცნების“ კოორიდატორებს და მას შემდეგ, რაც წავართვი ეს სიები, გადმოვიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ჩემს ოპერატორს მიაყენეს ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. ყველაფერი დაფიქსირებული გვაქვს კადრებით. ყელში მწვდნენ და ეს ყველაფერი გვაქვს გადაღებული. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანები არიგებდნენ თანხებს, როგორც ეს ხდება სხვა უბნებზე", - ამბობს ჟურნალისტი.
ქუთაისში ამომრჩევლების მასიურ მოსყიდვას ადასტურებს "მთავარი არხის" ექსპერიმენტიც. მას შემდეგ, რაც "ოცნების" კოორდინატორის სიაში მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს სატელეფონო საუბრისას ჟურნალისტი მმართველი გუნდის წარმომადგენლად გაეცნო, მოქალაქემ დაადასტურა, რომ არჩევნებზე მისვლას აპირებს და ამისთვის თანხასაც იღებს.