
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ქუთაისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, 33-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ დასუსტებულია, თუმცა თავს მხნედ გრძნობს.
"სუსტად არის, იმიტომ რომ უკვე 33-ე დღეა შიმშილობს. ფერმკრთალია, მაგრამ წარმოუდგენლად მხნედ არის. გულწრფელად რომ გითხრათ, იმდენად შემართებით არის ამ უკიდურესი შიმშილობის ფონზე, რომ მართლა საკვირველია ის რწმენა და შემართება, რომელიც აქვს. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავისუფლება", - აღნიშნა დეკანოიძემ.
ის ასევე მესამე პრეზიდენტის შიმშილობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ცინიკურ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს დამოკიდებულება გასაკვირი არ არის, რადგან „ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილისთვის მსგავსი თავგანწირვა უცხოა,
"უმრავლესობის წარმომადგენლებზე, რომლებიც ასეთ ცინიკურ განცხადებებს აკეთებენ, ძნელია შეფასება გააკეთო. მათთვის რთულია იმის აღქმა, რომ შეიძლება, ადამიანი ასეთ პროტესტზე წავიდეს. ბიძინა ივანიშვილისთვის ასეთი თავგანწირვა, რასაც აკეთებს მიშა და ბევრი ადამიანი, ძალიან უცხოა, იგი ამას ვერასდროს და არასდროს გააკეთებს, რომ რაღაცისთვის, უპირველესად თავისი სამშობლოსთვის თავი გაწიროს. ამიტომ საუბრობენ აბსურდულ სისულელეებს. მათი დამოკიდებულება არის არა ის, საზოგადოების მიმართ რას იტყვიან, არამედ ბიძინა ივანიშვილს რას გააგონებენ, პუტინს რას გააგონებენ", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 33-ე დღეა, შიმშილობს. როგორც მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, ნებისმიერ დროს გართულდეს.
ამავე თემაზე:
მთელი ციხე იცინის, რომ ლიმონათი უყვარს ამ კაცს თურმე - კობახიძე ისევ მიხეილ სააკაშვილზე "ხუმრობს"