"4 თვეში, კანონის უზენაესობის სფეროში მე-5 უკან გადადგმული ნაბიჯია" | ჰარცელი მოსამართლეების დანიშვნაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. ელჩი აღნიშნავს, რომ დანიშვნები ეწინააღმდეგება საქრთველოს ასოცირების შეთანხმებას.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ბოლო ოთხი თვის განმვლობაში, ეს კიდევ ერთხელ უკან გადადგმული ნაბიჯია სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში. კარლ ჰარცელი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული ძირითადი რეფორმის განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.

საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ის მოჰყვა 12 ივლისს, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, რომელსაც ეუთო/ოდირის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა ევროკავშირის დამატებით 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად 2021 წლის სექტემბერში, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა 7 სექტემბერს; დღემდე არ მომხდარა 5 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სანდო გამოძიება და ორგანიზატორების დასჯა.

ეს მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამბიციური სასამართლო რეფორმის პროცესის დაწყება ფართო, ინკლუზიური და ყველა პარტიის ჩართულობით, გადაუდებელი აუცილებლობაა და საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ვალდებულება აიღეს.

ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი - საქართველოს სამომავლო უთრიერთობებისთვის.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს მოსამართლეთა 30-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი