შეერთებული შტატების საელჩო უმაღლეს საბჭოს ორი წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე.
განცხადებაში საელჩო აღნიშნავს,რომ ნაჩქარევად, კონკურსისა და გაუმჭვირვალეობის გარეშე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, წარმოაჩენს, რომ სისტემას არ სურს რეფორმების განხორციელება.
"დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით.
შეერთებული შტატები დიდი ხანია ესწრაფვის კვალიფიციური და საქმისადმი ერთგული მოსამართლეთა კორპუსის ჩამოყალიბებას და, ამავდროულად, მოუწოდებს რეფორმების განხორციელებისკენ, რომელიც იმ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების შესაძლებლობას გააჩენს, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას. რეფორმებს შორისაა საკანონმდებლო ცვლილებები კორპორატივიზმის თავიდან აცილებისა და დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების უზრუნველყოფისთვის. სასამართლო სისტემის ლიდერები ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემას უსამართლოდ აკრიტიკებენ გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების, დაწინაურების ან ცვლილების არარსებობის გამო. თუმცა, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება, რომელმაც უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ნდობა დანიშვნების პროცესის, კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. სასამართლო სისტემის ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი, რომელიც დახურული სისტემის გამო გამოთიშულია ამ პროცესიდან, უკეთესს იმსახურებს.
ეთიკური სასამართლო სისტემა ქვეყნის კანონის უზენაესობასთან შესაბამისობის ხერხემალია. ნდობა დამოუკიდებელი და პროფესიონალი სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ხალხს ემსახურება, უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილური ზრდისა და ქართული და უცხოური ბიზნესინვესტიციების მოსაზიდად. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომელიც გაზრდის ანგარიშვალდებულებას, პროფესიონალიზმსა და გამჭვირვალობას და დაეხმარება საქართველოს, მიიღოს ისეთი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს და რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე",-ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 31 ოქტომბერს მოსამართლეთა 30-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩია.
ამავე თემაზე: