რიგგარეშე არჩევნებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია დღეს ზუგდიდში გაიმართება.

მეუნარგიას ქუჩაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან აქციისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ადგილზე დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც პარტიის წარმომადგენლები მხარდამჭერებს მიმართავენ.

აქცია 20:00 საათზეა დაანონსებული. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

"ვიკრიბებით და გამოვხატავთ მშვიდობიან პროტესტს. ჩვენ ვალდებულებაა, დავიცვათ საკუთარი უფლებები, იმ ამომრჩევლების უფლებები, რომლებმაც ხმა მოგვცეს, რომლებმაც გაიმარჯვეს ჩვენთან ერთად, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ იმ მანკიერებას ყველა უბანზე, რაც ხდებოდა პერმანენტულად კრიმინალთან და პოლიციასთან ერთად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუციასთან ერთად. ცდილობდნენ აეხიათ ჩვენთვის გამარჯვება და ყველაფერთან ერთად, ციხეში უზით პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ", - თქვა ენმ-ის წარმომადგენელმა.

ამასთან, "მთავარ არხს" ოკუპირებული ტერიტორიიდან მოქალაქეები უკავშირდებიან და ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ აქციისთვის გადმოსვლის სურვილი, თუმცა რუსმა ოკუპანტებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. ოკუპანტები საგუშაგოზე მოქალაქეებს ეკითხებიან, ხომ არ აპირებენ აქციაზე დასწრებას ზუგდიდში. რამდენიმე მათგანი ე.წ. საზღვრიდან უკან გააბრუნეს. 

ცნობისთვის, რიგგარეშე არჩევნებისა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა გუშინ ბათუმშიც, ხვალ კი მოქალაქეები ქუთაისში შეიკრიბებიან. შაბათს, 6 ნოემბერს, მასშტაბური საპროტესტო აქცია ჩატარდება რუსთაველის გამზირზე, რომელსაც მოქალაქეები ყველა რეგიონიდან შეუერთდებიან. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი