"ქალის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია" - გენდერული საბჭოს გადაწყვეტილება ბოკუჩავა-პაპუაშვილის ინციდენტზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, პარლამენტის გენდერულმა საბჭომ სხდომათა დარბაზში თინა ბოკუჩავასა და შალვა პაპუაშვილს შორის მომხდარი ინციდენტი განიხილა და დაადგინა, რომ "ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობა არ ყოფილა".

რაც შეეხება მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ხელაშვილის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ნონა მამულაშვილის შეურაცხყოფას, წილოსანი ამბობს, რომ ეს კონფლიქტი თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა დაიწყო. 

"თინა ბოკუჩავას ქეისი განვიხილეთ, ნონა მამულაშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ცალმხრივი ინფორმაცია გავრცელდა, გამომდინარე იქიდან, რომ შეურაცხყოფა დაიწყო ნონა მამულაშვილის მხრიდან ჩემი კოლეგის მიმართ, შემდეგ იყო საპასუხო რეაქცია, რა თქმა უნდა, არცერთს არ ვამართლებ. 

ჩვენ დავადგინეთ, რომ მიზანმიმართულ, ქალის მიმართ ძალადობას არ ჰქონია ადგილი", - თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა. 

ცნობისთვის, 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვახტანგ გომელაური პარლამენტში 18 ივლისს მივიდა. მას ჟურნალისტები და ოპოზიციის წევრები საპროტესტო პერფორმანსით დახვდნენ, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან მისვლას ცდილობდა, რა დროსაც ის ტრიბუნიდან პაპუაშვილმა ძალით გამოიყვანა. ბოკუჩავას თქმით, ძალადობაში მონაწილეობდა "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი. სხდომათა დარბაზში ხმაურის შემდეგ, სესია ჩაიშალა და გადაიდო. იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი