მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური შურისძიების დამადასტურებელი დოკუმენტაცია "ევროპული საქართველოს" წევრებმა მოიპოვეს.
დოკუმენტებით დგინდება, რომ პენიტენციური სამსახური მომსახურებას ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის კერძო კლინიკებიდან წლებია იღებს, მხოლოდ წელს კი ასეთი მომსახურებით უკვე 3 000-ზე მეტმა ბრალდებულმა ისარგებლა.
3 ნოემბერს პენიტენცურის გენერალურმა დირექტორმა სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარეს მიმართა დამატებით 400 000 ლარის შესყიდვა განხორციელდეს პატიმრების მკურნალობისთვის, სხვადასხვა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ უწყებას დისკრიმინაციული მიდგომა აქვს და მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური ნიშნით, შერჩევით არ გადაჰყავს სამოქალაქო კლინიკაში.
"პენიტენციური სისტემა ვერ განახორციელებს ვერც ერთ შესყიდვას პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისგან თუ არ იქნება თანხმობა. პრემიერმინისტრ ღარბაშვილისგან თანხმობა აქვს და უმატებს 400 000 ლარს ბრალდებულებისთვის და მსჯავრდებულებისთვის, რომ გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკებში. ანუ არსებობს იმის თანხმობა, რომ თანხა დაემატოს, უბრალოდ არ არსებობს თანხმობა მხოლოდ სააკაშვილის მიმართულებით. სააკაშვილისთვის არ არსებობს ეს თანხმობა, იმიტომ, რომ ეს არის მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ეს პატიმარი არ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში", - თქვა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ბესიკ დონაძემ.
მიმართვის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამოქალაქო კლინიკებში გადაყვანილი პირების მომსახურებაზე დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
უწყებას ასეთი 38 სამედიცინო დაწესებულება აქვს შერჩეული, რომელთანაც პენიტენციური ხელშეკრულებებს აფორმებს. მსგავსი ტიპის 81 ხელშეკრულება იძებნება.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტი ციხეში უკვე 35 დღეა შიმშილობს. ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები და ექიმები დიდი ხანია მის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.
ადვოკატების ინფორმაციით კი დღეს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა - ანალიზების მაჩვენებელი შემაშფოთებელია, პენიტენციური ვეღარ მართავს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას - აცხადებს ბექა ბასილაია