
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის ციხესთან დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
"მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რომ ვინაიდან ვარ პატიმრობაში და ვერ ვიღებ მონაწილეობას აქციების ოპერატიულ მართვასა და დაგეგმვაში, მთლიანად ვენდობი მრავალპარტიულ და უბრალოდ აქტიური ადამიანებისგან შედგენილ გუნდს.
ერთადერთი, მსურს, ემიგრანტებს მოვუწოდო, აქტიურად იყვნენ ჩართულნი თბილისში დაგეგმილ დიდ ღონისძიებაში. დღეს კი მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმის გაგონებას რუსთავში. ეს ერთადერთია, რაც მაცოცხლებს და ენერგიას მიხანგრძლივებს", - ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიმართვაში.
ცნობისთვის, რუსთავის ციხესთან დღეს 17:00 საათზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება, სადაც მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. დაანონსებული აქციის გამო, ციხის ტერიტორიაზე დილით პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ საპროტესტო ტალღა იქამდე არ შეწყდება, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეუასრულებს. მიხეილ სააკაშვილი უკვე 37-ე დღეა შიმშილობს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.