მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 37-ე დღეს იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ ის არ შიმშილობს. რატი ბრეგაძემ რუსთავი 2-თვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. მინისტრი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია.
იუსტიციის მინისტრმა ასევე დააანონსა, რომ მიხეილ სააკაშვილის 10 ნოემბერს ჩანიშნული პროცესზე სასამართლოში არ გადაიყვანენ და სხდომა რომელსაც საზოგადოება თვეზე მეტია ელოდება დისტანციურად გაიმართება.
იუსტიციის მინისტრის განცხადებების დაემატა სუს-ის განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას აპირებს და ამ სცენარს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გეგმავს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ იუსტიციის მინისტრის "რეკომენდაცია", რომ მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი ციხეში ჩატარდეს, არის არა იურისტის, არამედ ბადრაგის განცხადება.
"სუს-ის განცხადება არის შეშინებული უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის, ეშინიათ პროტესტის და ეს განცხადება გააკეთეს ერთი მიზნით, რომ დააშინონ ხალხი...
იუსტიციის მინისტრს არავინ არ კითხავს სად ჩატარდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები. მან პირდაპირი დირექტივა მისცა სასამართლოს, ეს არ ყოფილა რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე.
ჩვენ ვხედავთ რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, როგორ ცდილობს ხელისუფლება, მაქსიმალურად შეზღუდოს მისი კომუნიკაციური არხები, სასამართლო პროცესებზე არ ასწრებენ, სატელეფონო ზარების განხორციელების საშუალებას არ აძლევენ, ერთხელ გამოჩნდა ციხის სარკმელში და მას შემდეგ დაგმანეს ყველა ფანჯარა. მათ აქვთ დიდი შიში, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა ქართველი ხალხის მეტ მობილიზაციას გამოიწვევს, რაც გადაიზრდება ისეთ საპროტესტო მუხტში, რომ საბოლოო ჯამში ხელისუფლებას მოუწევს სახლში წასვლა.
რაც შეეხება სამართლებრივ ასპექტს, არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს სასამართლო პროცესის საპატიმრო დაწესებულებაში გამართვაზე" ,- ამბობს ბექა ბასილაია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ "ოცნებას" ახლა, როგორც არასდროს ისე ეშინია მოქალაქეების პროტესტის და ბინძური გზებით ცდილობენ, რომ ეს ტალღა ჩაახშონ.
"სუს-ის განცხადება ბუნებრივია არის სასაცილო და ქართულმა საზოგადოებამ კარგად ნახა როგორი უსაგნო, უსაგნო პოზიცია გააჩნია საქართველოს სახელმწიფოს ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებებისა და იმ პოლიტიკური რეპრესიის მიმართ, რასაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული საქმეები ჰქვია. ცხადია ეს განცხადება ემსახურება მოქალაქეების დაშინებას.
იუსტიციის მინისტრის განცხადებას, სასამართლო პროცესის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ჩატარებაზე, არის ტრაგიკომიკური. ერთი მხრივ ეს არის დემონსტრირება, რომ მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში აღარ არსებობს და სასამართლო სისტემა არის გაგრძელება უბრალოდ პროკურატურისა და პენიტენციური სამსახურებისა, მეორე მხრივ ცხადყოფს იმ შიშს, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას და მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის აჩრდილისაც კი",- ამბობს შოთა თუთბერიძე.
ამავე თემაზე: