მიხეილ სააკაშვილი სერიოზული საფრთხის ქვეშაა, პროტესტი არ შეჩერდება! - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაათენეს. ისინი ცოტა ხანში რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობას გამართავენ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, ხელისუფლებამ გუშინ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, როდესაც მოტყუებით და ძალის გამოყენებით, მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მისი თქმით, ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს სერიოზული საფრთხე ემუქრება, ამიტომ საპროტესტო მოძრაობა არათუ შეჩერდება, არამედ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს.

"უმძიმეს რეალობაში მოუწია ქვეყანას გაღვიძება. ჯერ კიდევ ბევრმა, დარწმუნებული ვარ, სათანადოდ ვერ გაიაზრა რა იკადრა ხელისუფლებამ, თავად ხელისუფლებაც დარწმუნებული ვარ, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რა მძიმე დანაშაული ჩაიდინა. თავი დავანებოთ სტატუსს პატიმრისა, ნებისმიერი პატიმრის მიმართ მსგავსი რამის ჩადენა არის უმძიმესი დანაშაული, მით უფრო ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ, რის თაობაზეც მღელვარება იყო საზოგადოების უდიდეს ნაწილში.

ამ წუთის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის იმ ციხეში, სადაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო, სადაც მძიმე დანაშაულისთვის სასჯელს იხდის უამრავი პატიმარი. ჩვენ ვნახეთ კადრები, ვნახეთ ის ენით აღუწერელი სცენა, ციხის ადმინსიტრაცია სავარაუდოდ, მათ დავალებით, როგორ დახვდა მიხეილ სააკაშვილს გლდანის დაწესებულებაში. აქედან გამომდინარე, არის სერიოზული საფრთხის ქვეშ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პატიმარი. ამიტომ, ეს პროტესტი არ შეჩერდება. საპროტესტო მოძრაობა აზვირთდება, მზარდი გახდება, თანმიმდევრული, ორგანიზებული. საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში იქნება სხვადასხვა აქტივობები. არ მოისვენებს საზოგადოება სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო დაწესებულებაში", - თქვა ნიკა მელიამ.

მანვე აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საერთაშორისო საზოგადოებაც და პარტნიორები შესაბამის შეფასებებს დღის განმავლობაში გააკეთებენ.

"ამავდროულად იქნება კიდევ უფრო აქტიური მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან. დარწმუნებული ვარ, უახლოეს საათებში სათანადო გამოხმაურება ექნებათ და ხელისუფლებას მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა", - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუშინ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ადგილსამყოფელი ოჯახმა და ადვოკატებმა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში არ იცოდნენ. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაშია.

მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ, დაწესებულების ტერიტორიაზე სპეცრაზმი და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. ამასთან, მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ ეს დაწესებულება სამკურნალოდ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, შენობაში ტომოგრაფიის აპარატი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიყვანის შემდეგ შეიტანეს.

აღსანიშნავია, რომ მასთან გუშინ არც ადვოკატები შეუშვეს და არც მისი პირადი ექიმი. ეს გადაწყვეტილება პენიტენციურმა არასამუშაო საათებით ახსნა. 

ამავე თემაზე:

გადმომიყვანეს მოტყუებით... გადმომათრიეს მანქანიდან, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით" | მიხეილ სააკაშვილი

"ვაცხადებ უარს ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე... შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს" | მიხეილ სააკაშვილი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი