"გვაქვს ამბიცია, საერთაშორისო სტანდარტით იყოს მიწოდებული სამედიცინო სერვისი და უსაფრთხოება" | ზარქუა მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ამბიცია გვაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის საერთაშორისო სტანდარტით იყო მიწოდებული სამედიცინო სერვისი და უსაფრთხოება" - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტების კითხვას გუშინ განვითარებულ მოვლენებზე, რა დროსაც მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებითა და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, "ხელისუფლებას შეუძლია პატიმარი უცხო ქვეყანაშიც გადააფრინოს", თუმცა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ამის აუცილებლობა "არ დგას".

"მე მესმის "მთავარი არხის'' განცდა ის არის, რომ იმ "აფიორას'' ფარდა ჩამოეხსნა, რომ ამბობდით, არის მომაკვდავი და ვერ ცნობს ადამიანებსო, დაგეფშვნათ ეგ სიცრუე. ამბიცია გვაქვს და სწორი ამბიცია გვაქვს, რომ იმ სტანდარტით, რაც არის საერთაშორისო სტანდარტი, იყოს მიწოდებული სამედიცინო სერვისი და უსაფრთხოება. ეს ორივე არის დაცული თუ თქვენ გაქვთ განსხვავებული პოზიცია, ან არგუმენტი ამის დამადასტურებელი, თქვენთან ერთად მივმართოთ პროკურატურას.

როდესაც ხდება დამძიმება, ისე დამძიმება რომ იმ სერვისის მიწოდება ვერ ხდება, მაშინ შეიძლება უცხო ქვეყანაშიც გადააფრინო პატიმარი და ამის შესაძლებლობა აქვს სახელმწიფოს. მაგრამ აქ, რაც დრამა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში, თვეების განმავლობაში, თქვენც ხომ დარწმუნდით, რომ ასეთი სიტუაცია არ ყოფილა", - ამბობს ირაკლი ზარქუა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუშინ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ადგილსამყოფელი ოჯახმა და ადვოკატებმა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში არ იცოდნენ. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაშია.

მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ, დაწესებულების ტერიტორიაზე სპეცრაზმი და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ ეს დაწესებულება სამკურნალოდ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, შენობაში ტომოგრაფიის აპარატი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიყვანის შემდეგ შეიტანეს. ამასთან, დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოდგილემ დაადასტურა, რომ გლდანის ციხის კლინიკა "მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის".

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი