
"როდესაც ხელისუფლება გადადის ასეთ ქმედებებზე, მისი მზე ჩასვენებულია" - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქციის მონაწილეების დაკავებას.
როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, სამართალდამცველებმა დაკავებები ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაიწყეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ ამასთან დაკავშირებით პირდაპირი ბრძანება ჰქონდათ მიღებული.
"ვიდექით, ველოდებოდით აქციის დაწყებას და პირდაპირ დაიწყეს მასიური დაკავებები. პირდაპირი ბრძანება აქვთ, დააკავონ ყველა უმიზეზოდ. ეს ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლების მზე ჩაესვენა. როდესაც ხელისუფლება გადადის ასეთ ქმედებებზე, მისი მზე ჩასვენებულია. ახლა ცდილობენ, რომ ამით ჩვენში რაღაც დეზორგანიზაცია შემოიტანონ. თითოეულ დაკავებულზე 10, 20 და 100 ადამიანი გამოვა გარეთ. ხვალ რამდენი ვიქნებით, ამასაც განახებთ, ყველას მართლა ვერ დაგვიჭერთ. პოლიციელებს მინდა მოვუწოდო, ნუ ასრულებთ ამ უკანონო ბრძანებას, ხვალ ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის სუს-თან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა, მათ შორის გოგა ონიანი და ბადრი შუბლაძე. მათი დაკავების მიზეზი უცნობია. ამასთან, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ აქციები იქნება უწყვეტი და ხელისუფლებას მაქსიმალურად შეუქმნიან დისკომფორტს. პროტესტის მონაწილეები პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, ასევე, აპროტესტებენ არჩევნების "მიტაცებას".