საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესს მისი უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი ეხმაურება. ის ამბობს, რომ ბრალდებულისთვის სასამართლო სხდომაზე დასწრების და თავის დაცვის უფლების აკრძალვა სისხლის სამართლის დანაშაულია.
ადვოკატი წამებას უწოდებს სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მოთავსების ფაქტს, სადაც სხვა პრობლემებთან ერთად ვერც შესაბამის სამედიცინო დახმარებას მიიღებს. მისივე თქმით, სურს ჩამოვიდეს საქართველოში - როგორც უკრაინის მოქალაქის ადვოკატი, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამჯერადაც, როგორც წინა შემთხვევაში, ქვეყნის საზღვარი მისთვის ჩაიკეტება.
"ის, რაც გუშინდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში მოხდა, მისი უფლებების უხეში დარღვევაა, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ეს არა მარტო უფლების დარღვევაა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია. იმ ფაქტს, რომ ციხის საავადმყოფო არ არის აღჭურვილი შესაბამისი სამედიცინო ტექნიკით და მას ვერ აღმოუჩენენ სათანადო სამედიცინო დახმარებას, შევაფასებ როგორც წამებას, რომელიც სააკაშვილზე ხორციელდება. თუ ისევ გაგრძელდება მისი უფლებების დარღვევა, ვნახავთ, რომ ამაზე სხვადასხვა ქვეყნებს მწვავე რეაგირება ექნებათ", - თქვა გრუშოვეცმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გუშინ გაიმართა. სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილი ვერ დაესწრო, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა მის გადაყვანაზე უარი თქვა. მიზეზად პენიტენციურს თავისი "არგუმენტები" აქვს.