დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ უფრო იმაზე იდარდებდა, მესამე პრეზიდენტის დასაცავად ქვეყანას ევროპულ სასამართლოში რომ უწევს წასვლა.
"სტრასბურგის სასამართლოში რომ გვიწევს წასვლა, იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არ დაიღუპოს, მე უფრო ამაზე ვიდარდებდი.
რა უნდა ეთქვა სტრასბურგს სხვა?- მიშასთვის- მიდი, იშიმშილე სიკვდილამდე, და ბიძინასთვის მისამართი მიეწერა, დიღომში, ლიუბლანას ქუჩის რომელ ნომერში მდებარეობს საავადმყოფო, რომელშიც უნდა გადაიყვანოს?
გვითხრეს - ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმენეთს მოკლავთო.
საბოლოო ჯამში, გვითხრეს, რომ ცივილიზებულად ცხოვრება სცადეთ, მოგვახსენეთ, ყოველ დღე, როგორ გამოგდით და 24-ში შევაფასებთ, ახერხებთ თუ ვერაო. ესაა და ეს", - წერს სალომე სამადაშვილი.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა და საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. სტრასბურგი ახლა მხარეებისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს, რის შემდეგაც საკითხზე კიდევ ერთხელ, 24 ნოემბერს იმსჯელებს და გადაწყვეტს, უნდა მოხდეს თუ არა სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა. მანამდე კი ევროსასამართლო ავალებს მთავრობას, მიაწოდოს ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ციხის საავადმყოფოში გაწეულ სამედიცინო პროცედურებზე; შეახსენებს, რომ სწორედ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ციხეში მისი უსაფრთხოება და სათანადო სამედიცინო მზრუნველობა, იმ შემთხვევაშიც, თუ ის შიმშილობას შეწყვეტს.
გადაწყვეტილება "სხვანაირად გაიგო" იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ. მან Facebook-ზე დაწერა, რომ "სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა".
ამავე თემაზე: