"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას განმარტავს და წერს, რომ თარგმანზე ბევრად მნიშვნელოვანი დოკუმენტის პირველი პუნქტია:
"სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე რა გადაწყვეტილება მიიღო, შევეცდები, მარტივად ავხსნა:
1. პირველი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს დაავალა სასამართლოს ინფორმირება სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მხარეებისგან სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას გადაყვანაზე ან უარზე. ამდენად, სასამართლომ ამ ეტაპისთვის ინფორმაციის მიწოდების დავალების ღონისძიება გამოიყენა.
2. მართალია, ეს ის არაა, რაც სააკაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს, თუმცა არ ნიშნავს, რომ მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა, რადგან სასმართლო დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ მიიღებს ამ საკითხზე საბოლოოდ გადაწყვეტილებას. ამდენად, ვერ მესმის იუსტიციის მინისტრის სიხარული, რადგან ეს წერილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარად არ შეგვიძლია განვიხილოთ, ეს არის შუალედური გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე.
3. სასამართლომ სახელმწიფოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ პატიმრის უფლებებიდან უნდა გამოვიდეს და ისე უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, ხოლო პოლიტიკურ კეკლუცობას უნდა მოეშვას, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა უმთავრესი. ამ ღონისძიებით, სასამართლომ ეს პროცესი მოაქცია იმ ჩარჩოებში, საიდანაც მთავრობა დიდი ხანია გავიდა. მორიგი დასტური, რატომ გვჭირდება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და არა ის, რაც გვაქვს.
4. და ბოლოს, რა უთხრა სააკაშვილს სასამართლომ. იმ ტერმინს, რომელიც სასამართლომ გამოიყენა (urge), გინდ მოწოდება დავარქვათ (დაჟინებით თუ დაუჟინებლად), თუნდაც მოთხოვნა თუ ასე შემდეგ, შეგვიძლია ლექსიკონებში ქექვასაც თავი დავანებოთ, ფაქტი ერთია, სამართლებრივი კონტექსტია მნიშვნელოვანი, სასამართლო ინდივიდს ასეთ დავალებას ვერ მისცემს და პოლიტიკურ აქტში ვერც და არც ჩაერევა.
მე თქვენ ადგილას თარგმანზე არ ვიდავებდი, ბევრად მნიშვნელოვანი პირველი ნაწილია".
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა და საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. სტრასბურგი ახლა მხარეებისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს, რის შემდეგაც საკითხზე კიდევ ერთხელ, 24 ნოემბერს იმსჯელებს და გადაწყვეტს, უნდა მოხდეს თუ არა სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა. მანამდე კი ევროსასამართლო ავალებს მთავრობას, მიაწოდოს ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ციხის საავადმყოფოში გაწეულ სამედიცინო პროცედურებზე; შეახსენებს, რომ სწორედ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ციხეში მისი უსაფრთხოება და სათანადო სამედიცინო მზრუნველობა, იმ შემთხვევაშიც, თუ ის შიმშილობას შეწყვეტს.
გადაწყვეტილება "სხვანაირად გაიგო" იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ. მან Facebook-ზე დაწერა, რომ "სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა".