
იურისტმა თამთა მურადაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზს "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" განმარტა. თამთა მურადაშვილმა თქვა, რომ სტრასბურგის სასამართლო ხელისუფლებისგან მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისა და მისი გამოჯანმრთელების კონკრეტულ გეგმას ითხოვს. ამასთან, აღნიშნა, რომ სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტს.
"სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისა და მისი გამოჯანმრთელების გეგმა უნდა დაიწეროს, დაიდოს და სავარაუდოდ, გაეგზავნოს სტრასბურგის სასამართლსაც. ანუ სასამართლო ითხოვს არსებობდეს კონკრეტული, მკაფიო გეგმა, როგორ უნდა გამოჯანმრთელდეს მიხეილ სააკაშვილი.
სასამართლო ასევე ხაზს უსვამს შიმშილობის პუნქტს. სასმართლო აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რამდენჯერმე გასინჯეს და დაადასტურეს, რომ ის ნამდვილად შიმშილობს. ესეც კიდევ ერთხელ ხაზგასმაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები როდესაც დამცინავად, აგდებულად უსვამდნენ ხაზს, რომ თითქოს მიხეილ სააკაშილი არ შიმშილობს, სასამართლომ გადაწყვეტილების გარდა, პრესრელიზშიც განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს",-თქვა თამთა მურადაშვილმა.
დროებითი ღონისძიების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით თამთა მურადაშვილმა პარალელი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთან გაავლო და თქვა, რომ მაშინ, როცა ნავალნიმ დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, სასამართლომ გადაწყვეტილება მაშინვე არ დააკმაყოფილა.
მისი თქმით, სასამართლომ ჯერ კითხვები გაუგზავნა რუსეთის ხელისუფლებას და მხოლოდ ამის შემდეგ, ნავალნის განცხადებიდან ერთი თვის თავზე, რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის გათავისუფლება მოსთხოვა.
"ნავალნის საქმეზე, როდესაც ის მოწამლეს და როდესაც ნავალნიმ სტრასურგის სასამართლოში დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე სტრასბურგის სასამართლოში განაცხადი შეიტანა, სასამართლომ მაშინვე არ დააკმაყოფილა, ჯერ კითხვები გაუგზავნა რუსეთის მთავრობას და რუსეთის მთავრობამ უპასუხა, რომ ყველაფერი კარგად არის... ამ რუსეთი პასუხების შემდგომ, სასამართლომ დამატებით განიხილა და თითქმის ერთ თვის შემდეგ, უკვე დაავალა რუსეთის მთავრობას, რომ გაეთავისუფლებინა ნავალნი",-თქვა მან.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე გადაწყვეტილება 10 ნოემბერს გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოსგან დროებით ზომად ითხოვდნენ, რომ სასამართლოს საქართველოს მთავრობისთვის მოეწოდებინა, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ
გადაეყვანათ მრავალპროფილურ კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების მოთხოვნა დააკმაყოფილა.