მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზს განმარტავს და ამბობს, რომ დოკუმენტში სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს მოთხოვნებს საქართველოს მთავრობის მიმართ. ამასთან, სასამართლო ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელების გეგმას.
"ერთადერთი, რაც სიახლეა ამ დოკუმენტში არის ე.წ. აღდგენის გეგმა, რომელიც უნდა იქნეს ჩამოყალიბებული. ზოგადად, შიმშილობის შეწყვეტა ძალიან რთული პროცესია, მათ შორის მოვისმინეთ მედიკოსების მხრიდან გაკეთებული გამნცხადებები და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი სათანადოდ იყოს დაცული.
მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილების შემეგ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ ის შეწყვეტს შიმშილობას მას შემდეგ, რაც მოხდება მისი გადაყვანა N18 დაწესებულებიდან, რომელიც არ არის სათანადოდ აღჭურვილი, არ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს",-თქვა დიტო საძაგლიშვილმა.
იურისტი თამთა მურადაშვილი კი ამბობს, რომ ევროპული სასამართლოს პრესრელიზი გამორიცხავს იმ ეჭვებს, თითქოს სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მურადაშვილის თქმით, სასამართლო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მხარეებისგან დოკუმენტაციას ელოდება.
როგორც ის აღნიშნავს, სავარაუდოდ, სახელმწიფოს სასამართლოსთვის ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუწოდებია.
"საბოლოოდ გამოირიცხება ის ეჭვები ან განცხადებები, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი დროებითი ღონისძიებს გამოყენებაზე მოთხოვნა. სასამართლო განმარტავს, რომ მან მიიღო დროებითი ღონისძიება კონკრეტული ფორმულირებით და დაავალა სასამართლოს, რომ უზრუნველყოს მისი სათანადო მკურნალობა. ასევე აზუსტებს, რომ ინფორმაცია მოთხოვნლია და სახელმწიფო ვალდებულია, რომ მას მიაწოდოს ეს ინფორმაცია. სასამართლო ელოდება მხარეებისგან დოკუმენტაციას, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფოს ჯერ არაფერი ინფორმაცია მიუწოდებია",-თქვა თამთა მურადაშვილმა.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე გადაწყვეტილება 10 ნოემბერს გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოსგან დროებით ზომად ითხოვდნენ, რომ სასამართლოს საქართველოს მთავრობისთვის მოეწოდებინა, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ
გადაეყვანათ მრავალპროფილურ კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების მოთხოვნა დააკმაყოფილა.